"საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობები უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ რეგიონის სტაბილურობისთვის. დარწმუნებული ვარ, სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. სხვა მეზობლებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით" - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, "აბრეშუმის გზის ფორუმის" შედეგად, მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
"აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. ამ პლატფორმის შედეგად, მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა და მას ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი.
ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზაც გაიხსნება და გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს - არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულებით. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დაალაგებს სამეზობლო ურთიერთობებს და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს.
ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაიზრდება, კიდევ უფრო დაიტვირთება. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობები უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ რეგიონის სტაბილურობისთვის. დარწმუნებული ვარ, სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. სხვა მეზობლებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით." - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" მიმდინარეობს. რიგით მეხუთე ღონისძიება ირაკლი კობახიძემ გახსნა. გახსნითი პანელი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით იმართება. ორი დღის განმავლობაში, რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ 7 თემატურ პანელურ დისკუსიაში და განიხილავენ "შუა დერეფნის", ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებს. ფორუმს, რომელიც მეხუთედ ტარდება, საერთო ჯამში, 2 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება.