26 აგვისტო 2026,   00:00
ვრცლად
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ფულის გათეთრება - სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს

ერევანში, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან ძალოვანები გამთენიისას მობილიზდნენ. შეიარაღებულმა ნიღბიანებმა რობერტ ქოჩარიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკასთან ერთად, გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვება დაიწყეს. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ათობით სხვადასხვა მისამართზეც მიმდინარეობდა. საქმეზე სულ ექვსი პირი აიყვანეს. 

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ დაკითხვაზე ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, ბიზნესმენი სედრაქ ქოჩარიანი. რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყებასთან მალევე გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. გავრცელებული ვერსიით, საჭირო გახდა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

საქმეზე განცხადება ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გაავრცელა. დოკუმენტის თანახმად, ქოჩარიანმა, 1998–2008 წლებში, თანამდებობაზე ყოფნისას, კორუფციული ქსელი შექმნა. გამოძიების ვერსიით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენებიც ფიგურირებენ. სქემის მონაწილეები სახელმწიფო ქონებას შუამავალი კომპანიების მეშვეობით ასხვისებდნენ, შემდეგ კი ქოჩარიანის ოჯახთან დაკავშირებულ პირებზე აფორმებდნენ.

ოპოზიციური ალიანსი "აიასტანი", რომლის ლიდერიც თავად რობერტ ქოჩარიანია, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ცნობილია, რომ ქოჩარიანის ოჯახის წინააღმდეგ სამართალდამცველების მოქმედებებს წინ უძღოდა გუშინ, პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანს და რობერტ ქოჩარიანის უფროს ვაჟს, ოპოზიციონერ დეპუტატ ლევონ ქოჩარიანს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

დაკავებებს, ჩხრეკასა და მიმდინარე გამოძიებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ნიკოლ ფაშინიანმა, პარლამენტში, მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის განხილვისას ოპოზიციური პარტიების "აყვავებული სომხეთის" და ბლოკ "აიასტანის" ლიდერები კორუფციაში დაადანაშაულა.

სომხეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს, ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ფულის გათეთრება. რობერტ ქოჩარიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა სომხეთის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის წინააღმდეგაც დაიწყო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები