13 ნოემბერი 2026,   21:31
ვრცლად
სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტიის ლიდერები დაცვის სტრატეგიის შეცვლას არ აპირებენ

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების თავიდან არიდებას ენმ-ს მოქმედი ლიდერები საკონსტიტუციო სასამართლოში საათობით ცდილობდნენ - წითლიძე და ბეჟაშვილი მოსამართლეებს უმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და სხვების სისასტიკე "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის პასუხისმგებლობა არაა. თუმცა, ვერ გათვალეს, რომ სააკაშვილის უარყოფას, წესისამებრ, სააკაშვილის კეთილგანწყობის დაკარგვაც მოჰყვება ხოლმე.

სახლში წასვლას არც ლევან ბეჟაშვილი და არც ანა წითლიძე არ აპირებენ. სასამართლოდან გამოსულმა "ნაციონალებმა" "ნაციონალების" მთავარ იდეოლოგს უთხრეს, რომ დაცვის სტრატეგია უკვე შემუშავებულია და არ შეიცვლება. მიხეილ სააკაშვილს მისივე პარტიის წევრებმა ისიც შეახსენეს, რომ კონსტიტუციური სარჩელი კონკრეტული საქმეებითაა გამყარებული - "ნაციონალების" პირისპირ კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან კავშირის უარყოფა რომ შეუძლებელია, ამას მმართველ გუნდში ამბობენ. კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი დეპუტატების განცხადებით, სააკაშვილის თანაპარტიელები დარბაზში აბსურდის თეატრის მოწყობას ცდილობენ. ეს ყველაფერი კი "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სრული უპირატესობა მათ მხარესაა.

დაპირისპირებას სააკაშვილსა და მის თანაპარტიელებს შორის გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი დანაშაულებრივი მმართველობის თანამზრახველია. პარლამენტში იმასაც იხსენებენ, რომ, წლების განმავლობაში, მოქმედ "ნაციონალებს" სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მომხდარი არცერთი დანაშაული არ დაუგმიათ.

7 ნოემბერი, 26 მაისი, მედიისა და ბიზნესის რეკეტი, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, სიცოცხლის ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია, ამ ყველაფერზე "ნაციონალური მოძრაობის" პასუხი კი მხოლოდ ისაა, რომ რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, პარტიის დღევანდელ ლიდერებს არ მიემართებათ. ფაქტია, "ნაცმოძრაობის" წევრები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იზიარებენ და არც იმას ეთანხმებიან, რომ სააკაშვილის გულისწყრომის გამო სასამართლოში დაცვის სტრატეგია შეცვალონ.

დღის ამბები