კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ევა გოცირიძე დაინტერესდა, რა პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს ამ პროცესიდან "ქართულ ოცნება" თუ თავად თვლის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მილევად რეჟიმშია. შეკითხვას კონკრეტული პასუხი გაეცა. არჩილ გორდულაძის თქმით, მძიმე წარსულის მქონე ოპოზიცია შესაძლოა პოლიტიკურად სასარგებლო იყოს, თუმცა როდესაც საქმე კონსტიტუციის დაცვას ეხება, პოლიტიკური ინტერესი უპირატესი ვერ იქნება.
სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მათ მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში დეტალურადაა აღწერილი. "ქართული ოცნების" შეფასებით, შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებს უთანხმოება ჰქონდეთ, თუმცა როდესაც საქმე კონსტიტუციის დარღვევას და კონსტიტუციური წყობილების ხელყოფას ეხება, ერთიანდებიან და ერთ ორგანიზმად მოქმედებენ.
მოსარჩელე მხარესთან კითხვების ამოწურვის შემდეგ, პლენუმის წევრებმა შეკითხვებით მოპასუხე მხარეს მიმართეს.
ადამიანის უფლებათა დაცულობა არის თუ არა კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ნაწილი? - პარტიები, ამ კითხვის საპასუხოდ, იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა პარტიის აკრძალვის მიზეზი არ არის.
მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე დასვა შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ. მოსამართლემ იკითხა, თუ სად გადის ზღვარი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებსა და მმართველი ძალის მოქმედებას შორის.
ოპოზიციური პარტიების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს მოსარჩელე მხარე. ამბობენ, რომ პოზიცია, თითქოს კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლოა, მხოლოდ მძიმე ბრალდებებისგან თავის არიდების მიზეზია.
ოპოზიციურ პარტიებთან კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, სასამართლო განხილვები მხარეთა პაექრობის ეტაპით გაგრძელდება.