13 ნოემბერი 2026,   00:28
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - ფორუმი ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობას აძლევს, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ქვეყნის პერსპექტივიდან ასახოს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტს ირლანდიის დედაქალაქი მასპინძლობს. ფორუმი აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას, ქვეყნის პერსპექტივიდან ასახოს მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები. მსგავსი საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლა, როდესაც უამრავი გამოწვევაა კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის - უსაფრთხოების კუთხით. 

თანამშრომლობის გაძლიერება და დიალოგი რომ პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზაა, ამის შესახებ ევროპელმა ლიდერებმაც ისაუბრეს. უკრაინა, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ამ მიმართულებით არსებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხებია, თუმცა ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ახსენეს საქართველოც, როგორც ენერგორესურსების დივერსიფიცირების ალტერნატიული მარშრუტი და, ზოგადად, სამხრეთკავკასიის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობის გაღრმავება ევროპისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპა უფრო ძლიერი, უსაფრთხო და დაკავშირებული - ამ სლოგანით, 50-ზე მეტი ევროპული ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესია, ეკონომიკური უსაფრთხოება, კონკურენტუნარიანობა და ენერგორესურსების ფასები, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები, უცხოური ჩარევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული მდგრადობა.

ევროპის გაფართოება, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდა - ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ დღის წესრიგში.

დუბლინის შემდეგ, ევროპული გაერთიანების სამიტს შვეიცარია და საბერძნეთი უმასპინძლებენ.

დღის ამბები