12 ნოემბერი 2026,   22:49
ვრცლად
ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება - ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქში, რომელიც ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და ბიზნესჰაბად ითვლება, ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს

ქალაქი ხანგჭოუ - ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება. ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქში, რომელიც ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და ბიზნესჰაბად ითვლება, ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს.

რობოტების მუზეუმი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ქართულ დელეგაციას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააცნო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭეძიანგის პროვინცია და საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.

შეხვედრაზე აქცენტი სწორედ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაკეთდა.

ქალაქ ხანგჭოუში არაერთი მსხვილი კომპანია ფიგურირებს, მათ შორის ჩინური გიგანტი "ალიბაბა". დელეგაციას ქალაქის მერიასა და ისტორიულ ჩაის მუზეუმსა და ხელოვნური ინტელექტის ქალაქშიც უმასპინძლეს, სადაც ინოვაციური გამოფენა დაათვალიერეს.

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნაყოფიერად გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჭეძიანგის პროვინციის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ქართული დელეგაცია პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფება. მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა დედაქალაქშიც. ქართველ კანონმდებლებს ჯერ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა, შემდეგ კი ჩინელმა კოლეგებმა უმასპინძლეს. ისტორიული შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები