11 ნოემბერი 2026,   22:10
ვრცლად
მეგა შოუ "ნიჭიერი", ტალანტები, აღმოჩენები და "ოქროს ღილაკის" მფლობელები - "რუსთავი 2" დაუვიწყარი სანახაობის მორიგ ეპიზოდს 17 ნოემბერს შემოგთავაზებთ

პატარა აჭარლების დიდი ისტორია "ნიჭიერის" სცენაზე. საბა დიასამიძემ და ელენე დუმბაძემ მაღალმთიანი აჭარის ის მრავალსაუკუნოვანი კულტურა წარადგინეს, რომელსაც ეს კუთხე დღემდე ინახავს, უფრთხილდება და თაობიდან თაობას გადასცემს.

ბავშვების გულწრფელმა ემოციებმა და ფოლკლორის სიყვარულმა მაყურებელი პირველივე წუთიდან მოხიბლა. მეთორმეტე სეზონის მესამე ეპიზოდში კი, ნუცა ბუზალაძემ ოქროს ღილაკი პირველად გამოიყენა.

სწორედ ეს არის ნიჭიერის მთავარი ძალა - ყველას მისცეს შესაძლებლობა საკუთარი ნიჭი წარმოაჩინოს, ოცნება აიხდინოს და ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. ყველაზე სახალხო შოუს სცენაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს სიხარულის ცრემლები, დაუვიწყარი ემოციები და ნახევარფინალის საგზური მოჰყვა.

მოულოდნელი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი ახდენილი ოცნება. 11 წლის სანდრო აბესაძემ, რომელმაც ესპანური სიმღერა შეასრულა, ჟიურის წევრების ყურადღება პირველივე ნოტიდან მიიპყრო, ჯიქეის ოქროს ღილაკმა კი, მას ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

მეგა შოუს სცენაზე მხოლოდ ნიჭი არ ფასდება, აქ ისეთი ემოციური ისტორიებიც იქმნება, რომლებიც მაყურებლის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. სწორედ ასეთი აღმოჩნდა მარიამ ზელილოვას გამოსვლა, თვითნასწავლმა მოცეკვავემ ნომერი დედას მიუძღვნა.

განსაკუთრებულ ნიჭს განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა, ემოციურ გამოსვლას კი, ემოციური ფინალი - ჟიურიმ პატარა მოცეკვავე ხუთივე ხმით, შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

მესამე ეპიზოდში მაყურებელი არაერთი შთამბეჭდავი სანახაობის მონაწილე გახდა, გაიცნო ადამიანები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოაჩენენ. "ნიჭიერის" ამ ეპიზოდში ქართველ მაყურებელს საკუთარი ოსტატობა უკრაინელმა აკრობატმაც აჩვენა.

"ნიჭიერის" სცენაზე მაყურებელმა სომხეთიდან ჩამოსული კონკურსანტის, დავით ვოსკანიანის ექსტრემალური და სახიფათო ნომერი იხილა, რომელში მონაწილეობაც შოუს ბრაზილიელმა ვარსკვლავმაც მიიღო.

ემოციურ, ექსტრემალურ, მოულოდნელ სანახაობას თან ახლდა იუმორისტული ნომრებიც. ყველასთვის ცნობილი პერსონაჟები - მიხო და მარო, თეატრალური წარმოდგენით წარდგნენ და სცენაზე ჟიურის წევრებსაც უმასპინძლეს.

"ნიჭიერის" სცენა დაუვიწყარი ისტორიებისა და გამორჩეული შესაძლებლობების აღმოჩენის ადგილად კიდევ ერთხელ იქცა.

მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის აღმოჩენა გრძელდება. მომდევნო ეპიზოდი "რუსთავი 2"-ის ეთერში, 17 ნოემბერს საღამოს 10 საათზე გავა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები