კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური პრობლემები, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა - 95 ქვეყნის პირველმა პირმა დღეს მსოფლიო ლიდერთა ტრიბუნა ერთი მთავარი მიზეზით დაიკავა - ესაუბრათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
გაეროს 31-ე კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება გარემოს დაცვასა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე გაამახვილა. განმარტა, რომ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავება ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, გლობალური დათბობის შემცირება და გარემოს დაცვა იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეამცირონ მავნე აირების გაფრქვევა და როგორ ჩაანაცვლონ საწვავი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობდნენ.
სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კონფერენციას ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. მათი განმარტებით, ანტალიაში მიმდინარე სამიტი საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად.
სამიტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. სამომავლო ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობაზე გაკეთდა აქცენტი თურქეთის ვიცე-პრემიერთან გასაუბრებისას. სამიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ყირგიზეთის პრემიერსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა.
გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციას წელს თურქეთის ქალაქი, ანტალია მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში მიღებული ერთობლივი დეკლარაცია კი კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.