11 ნოემბერი 2026,   22:03
ვრცლად
"არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე კავშირების შენარჩუნება" - ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

დუბლინში "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი" მიმდინარეობს - ფორუმში 50-მდე სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს, რომელთა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.

ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც გეოპოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ევროპული ოჯახი სრული შემადგენლობით იკრიბება: ევროკავშირის წევრიც, კანდიდატიც და ამ კავშირიდან გასულიც.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საქართველო, უკრაინა, ბალკანეთი და თურქეთი, ბრიუსელიდან ევროკავშირის თითქმის ყველა უმაღლესი პირი. ევროპის არაფორმალური დიპლომატიის პლატფორმა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვისაც.

ირაკლი კობახიძე ხვალ მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებში, რომლებიც ევროპის პოლიტიკურ არქიტექტურას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ეძღვნება.

ევროკავშირისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო და ციფრული დერეფნები. სწორედ ამაზე გაამახვილა დღეს ყურადღება საქართველოს პრემიერმა დისკუსიაზე, რომელიც დუბლინის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გაიმართა.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად აღვიქვამთ და ეს აღქმა მთლიანად ღირებულებებს ეფუძნება. იგი ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა.

ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს და ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროპამაც შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით ჩვენ უარყოფით მოვლენებსაც ვხედავთ, მაგალითად, მიგრაციასთან დაკავშირებულ ნეგატიურ პროცესებს, ისევე როგორც უარყოფით ტენდენციებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური იდენტობის კუთხით.

ამდენად, პირველი ფაქტორი, რის გამოც მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და საქართველოს ევროპული კულტურა. მეორე საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, არის საქართველოს სტრატეგიული როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

ამ მიმართულებითაც ვხედავთ ევროპისთვის არასახარბიელო მოვლენებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ევროპის ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთისკენ მიმავალი კონკრეტული მარშრუტები, მაშინ, როდესაც აზიასთან კავშირი საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შესაძლებლობების განმტკიცებისთვის. დღეს, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ევროპამ და ევროკავშირმა დაკარგეს კავშირი რუსულ ბაზართან, რაც ევროპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო; ევროპამ დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. გარდა ამისა, ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რაც აგრეთვე აფერხებს ევროპის დაკავშირებადობას აღმოსავლეთთან.

ასეთ ვითარებაში, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთისკენ მიმავალ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე კავშირების შენარჩუნება. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსთან - ევროპასთან. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც არ აქვთ წვდომა შავ ზღვაზე და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. ხოლო თუ უფრო შორს გავიხედავთ, ეს არის ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებთანაც ევროპას წვდომის მოპოვება საქართველოს გავლით შეუძლია.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომლებიც უკვე აკავშირებს ამ რეგიონს ევროპასთან; ასეთია, მაგალითად, სტრატეგიული მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ზღვის ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. ეს გახლავთ ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს აწვდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომლითაც ევროპულ ქვეყნებს ნავთობი მიეწოდება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები