11 ნოემბერი 2026,   22:25
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურამ მერის მოადგილისთვის ბენზინით სავსე ბოთლის სროლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა - ქვეყანაში მორიგი აქციები და საყოველთაო გაფიცვა კვლავ დაანონსდა

საფრანგეთში, მერის მოადგილეზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქ შელის პროკურატურამ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა, პოლიციამ კი ლიცეუმის 15-დან 17 წლამდე ასაკის 3 მოსწავლე დააკავა. გამომძიებლები ახლა არკვევენ, რომელმა არასრულწლოვანმა ესროლა ბენზინით სავსე ბოთლი სასწავლო დაწესებულებასთან პიკეტის დროს მოლაპარაკებისთვის მისულ ქალ დეპუტატს.

განათლების მინისტრმა ინციდენტს დანაშაული უწოდა და პირობა დადო, რომ უწყება სკოლებში პროტესტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე საჩივრების მომზადებას გააგრძელებს. კანონდარღვევის ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოებში უკვე 1000-ზე მეტი განაცხადია შეტანილი. მომხდარზე საპასუხოდ უმკაცრეს რეაგირებას აანონსებს ელისეის სასახლე და მატინიონის რეზიდენციაც.

საფრანგეთის მასშტაბით ახალგაზრდები და სტუდენტები უკვე 6 კვირაა ლიცეუმების, სკოლებისა და უნივერსიტეტების ბლოკირებას განაგრძობენ. პარალელურად იმართება პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვები და მსვლელობები. განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტის ფონზე, სამართალდამცველებმა 6 000-მდე პირი აიყვანეს, შეტაკებების დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კი ასობით მოქალაქემ მიიღო.

მთავრობას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა სოციალურ მოთხოვნებზე, მათ შორის, მინიმალური ხელფასის ზრდაზე, განათლების ხელმისაწვდომობასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ემანუელ მაკრონის მინისტრთა კაბინეტმა პირობების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. საპასუხოდ მორიგი აქციები და საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები