10 ნოემბერი 2026,   21:37
ვრცლად
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - ოპოზიციურმა პარტიებმა პლენუმის წინაშე კვლავ შუამდგომლობები დააყენეს

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს კითხვა-პასუხით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა პლენუმის წინაშე კვლავ შუამდგომლობები დააყენეს. ინიციატორი "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი იყვნენ. სარჩელის ადრესატები მტკიცებულებათა გამოკვლევას და მასში მონაწილეობას ითხოვდნენ. მოსამართლეს კი შუამდგომლობის ავტორისთვის რამდენჯერმე დასჭირდა მიეთითებინა, მოთხოვნა მეტად დაესაბუთებინა და მკაფიოდ განემარტა.

"ლელოს" პოზიციის დაცვა და შუამდგომლობის გამყარება გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა სცადა. ბერდია სიჭინავა პლენუმის წევრთა დარწმუნებას ცდილობდა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ოპოზიციის წინადადების გაზიარება, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარისგან თავად მიიღო პროცესუალურ ნორმებზე მითითება.

"ნაწილობრივი გაუგებრობა" - ასე შეაფასა მოსამართლეთა ნაწილმა ოპოზიციის შუამდგომლობა. პლენუმის წევრებს ოპოზიციის იურისტი წარმომადგენლებისთვის იმის ახსნა დასჭირდათ, რომ განხილვისას ფაქტობრივ მასალაზე მსჯელობას გვერდს ვერავინ აუვლის და მტკიცებულებების გამოკვლევას პროცედურა ითვალისწინებს.

"სასამართლო პროცესზე დისონანსის შეტანის" მცდელობაა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორებისთვის მოპასუხე მხარის დღევანდელი სტრატეგია, რომ, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, სასამართლო პროცესი სამართლებრივ ჩარჩოს გასცდეს და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს.

მმართველი გუნდისთვის საზოგადოებრივი აზრის არასწორად ჩამოყალიბებაზეა გათვლილი ნიკა გვარამიას გამოსვლის შინაარსიც. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა აქცენტი სარჩელში მითითებულ ელექტრონულ ბმულებზე გააკეთა და თქვა, რომ შეუძლებელია სასამართლო იმ მასალებს დაეყრდნოს, რომელთა ნაწილი არც კი იძებნება. მიუწვდომელ ბმულებში კი, სავარაუდოდ, "ევროპის სახალხო პარტიის" ვებგვერდიდან წაშლილ ერთობის დეკლარაციას გულისხმობდა, რომელსაც ქართული ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აწერდნენ ხელს. ეს დოკუმენტი მოსარჩელე მხარისთვის კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ასაკრძალი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები, რეალურად, სწორედ ერთ ძალას წარმოადგენენ.

ერთობის დეკლარაციას, EPP-ის ინიციატივით, პარტიებმა ხელი 2024 წლის ივნისში, ბრიუსელში მოაწერეს, თუმცა მმართველი პარტიისთვის საეჭვო გარემოებაა, რომ დოკუმენტი ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალური ვებგვერდიდან სწორედ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პარალელურად გაქრა. მოსარჩელე მხარისთვის ეს მორიგი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიცია გარე ძალების მიერ იმართება და ამ მეთოდებით კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა სურთ.

კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა, "კოალიცია ცვლილების" ლიდერს ეკუთვნოდა. ნიკა გვარამია მოსამართლეებისგან ითხოვდა, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მისი მიღებიდან ერთი თვის შემდეგ შესულიყო. განმარტების დროს, ახსენა, რომ ამის გამოცდილება სტრასბურგის გადაწყვეტილებების კონტექსტში არსებობს და მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებითაა გამოყენებული. სტრასბურგის პრაქტიკა და ევროპული სასამართლოს მიდგომები გვარამიას ევა გოცირიძემ განუმარტა.

გვარამიას შუამდგომლობის მიზანი სარჩელის ავტორებისთვის გასაგებია. მათი განცხადებით, თარიღების განსაზღვრა ოპოზიციას სტრასბურგის სასამართლოში დროებითი ზომის გამოყენების მოთხოვნისთვის სჭირდება - ისევე, როგორც ეს ერთხელ უკვე "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს. პარტიების აკრძალვის ნაწილში კი სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ზომის გამოყენება არ დაუდგენია.

მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დაყენებულ 2 შუამდგომლობას 6 საათის განმავლობაში იხილავდნენ.

დღის ამბები