10 ნოემბერი 2026,   20:02
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა - 34-წლიანი მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებმა საცხოვრებელი ფართები დიდ დიღომში მიიღეს

2-ოთახიანი ბინა აივნითა და თანამედროვე დაგეგმარებით - სულაძეების ოჯახს თბილისის მერიისგან 74 კვ.მ ფართი გადაეცა. მრავალწლიანი მოლოდინი დასრულდა - ოჯახმა კუთვნილი საცხოვრებელი 34 წლის შემდეგ მიიღო.

ამ ეტაპზე, მერიამ ახალი ბინებით 69 მოქალაქე უზრუნველყო. 90-იან წლებში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი მისამართი უკვე ახალაშენებული კორპუსია - მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში აშენდა. დედაქალაქის მერი დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო და მოქალაქეებს სიმბოლური გასაღები გადასცა.

სპორტული მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები და პარკინგი - კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივების საჭიროებების მიხედვით მოეწყო. 14-სართულიანი შენობა სრულად აღიჭურვა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილი მოქალაქეების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. ამ დროისთვის, ახალი ბინა 2 500-მეტ ოჯახს უკვე გადაეცა. მერიის გეგმის მიხედვით, ახალ წელს ახალი ბინით კიდევ 600-მდე ოჯახი შეხვდება.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით სულ 3 500-მდე მოქალაქე დაზარალდა. სამი ათეული წლის წინ დარღვეული პირობა თბილისის, მერიის ინიციატივით, ეტაპობრივად, 2018 წლიდან სრულდება.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები