საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში, ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას ელისეს სასახლეში.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებს უმკლავდება და საკუთარი გამოცდილებით იცის ომისა და კონფლიქტების მძიმე შედეგები.
"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა. დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა.
რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა. საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.