09 ნოემბერი 2026,   22:15
ვრცლად
საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება - შალვა პაპუაშვილი პრაღაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული კავშირები, თანამშრომლობა ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით - ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ დელეგაციასთან ერთად პრაღაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

პირველი, ვისაც ქართული დელეგაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობასა და შუა დერეფნის განვითარების მიზნით პარტნიორობის გაძლიერებაზე ესაუბრა, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იყო. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე. შალვა პაპუაშვილმა ტომიო ოკამურა თბილისშიც მოიწვია.

შეხვედრაზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას. დელეგაციის წვერების განცხადებით, გარკვეული პაუზის შემდეგ, მისასალმებელია ჩეხური მხარის მზადყოფნა ნებისმიერ დონეზე ორმხრივი დიალოგის განახლებისთვის.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაკეთდა აქცენტი შალვა პაპუაშვილისა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივაზე. მხარეებმა მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევებზეც იმსჯელეს.

ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ქართულ დელეგაციასთან ერთად ვიტკოვის ეროვნულ მემორიალთანაც იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები