08 ნოემბერი 2026,   22:29
ვრცლად
ევროკომისიის გაფართოების ანგარიში - თბილისი ბრიუსელს სუბიექტურობაში, ორმაგ სტანდარტსა და დაუსაბუთებელ კრიტიკაში ადანაშაულებს

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. იკრიბებიან და იმ დოკუმენტს წარადგენენ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით ამზადებდნენ. თუმცა 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტმა, საქართველოს დედაქალაქში ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ის, თუ სად გადის ზღვარი, ობიექტურ შეფასებასა და პოლიტიკურ კონიუნქტურას შორის? თბილისი ბრიუსელს სუბიექტურობაში, ორმაგ სტანდარტსა და დაუსაბუთებელ კრიტიკაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეალური ციფრებით გამყარებული პროგრესის ნაცვლად, დოკუმენტში მხოლოდ პოლიტიკური აღქმები მოხვდა.

ბრიუსელი ბოიკოტის რეჟიმშია: დაწერეს და თქვეს, თუმცა არ განმარტეს ვინ არიან “თვითნებურად დაკავებულები” რომელთა გათავისუფლებასაც ევრობიუროკრატების ანგარიშიდან ითხოვენ. ცალმხრივად მომზადებულ დოკუმენტზე პასუხი, ხელისუფლებამ ევროკავშირის ელჩისგან მოითხოვა: გულისხმობს თუ არა ევროკომისია პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმისთვის ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს. იგულისხმებიან თუ არა მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულები, ან მიხეილ სააკაშვილი, რომლის გათავისუფლების საკითხიც ევროკომისიამ ისევ გააქტიურა. კონკრეტიკის გარეშე დატოვებული ჩანაწერი, კონკრეტიკის გარეშევე დატოვა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ არ განმარტა, თუ ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი. დიპლომატს განმარტებები არც 4 ოქტომბრის მოვლენებზე გაუკეთებია.

"დამნაშავეა თუ გმირი ადამიანი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის" - ევროპელმა დიპლომატმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. დუმილი კი საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის დასტურია, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია, ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდებოდა. შესაბამისად, ძალადობრივი მოვლენები, ქვეყნის გარედან იგეგმებოდა. მმართველი პარტიისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა ისიც, რომ "მოლოტოვის კოქტეილის” სროლა საფრანგეთში მკვლელობის მცდელობად შეფასდა და სასჯელი უვადო პატიმრობით განისაზღვრა, საქართველოში კი იგივე ქმედება - გამოხატვის თავისუფლებად. სწორედ ამიტომ, გაფართოების ახალი ანგარიში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, მიკერძოებული და ძველი მოთხოვნებით დაწერილი დოკუმენტია.

სანამ ევრობიუროკრატები კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დაასახელებენ, კითხვებს აჩენს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ანგარიშში ასე იკითხება: მოსამართლეების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ, რომლებსაც პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოთ. ბრიუსელიდან გაჟღერებული მოთხოვნა, თბილისში დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეფასდა.

ქრონოლოგიასა და ფაქტებში დაკარგული ევრო ბიუროკრატებისთვის მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწია იმის შეხსენება, თუ როდის და ვინ შეაჩერა მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მას შემდეგ რაც, ანგარიშში ჩაიწერა, რომ პრემიერ მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რატომ ირგებს ევროკომისია საკონსტიტუციო სასამართლოს როლს? კონსტიტუციის ავტორი აცხადებს, რომ ცალმხრივად შემუშავებული დასკვნა ობიექტურ რეალობას არ ასახავს.

ევროკომისიის ანგარიშს განცხადებით უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ - დოკუმენტს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ "ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას". უწყება, განმარტავს, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს, სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას უწყობს, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს.

საქართველო მზად არის ევროკავშირთან ღია და თანასწორუფლებიანი დისკუსიისთვის - დიალოგის საჭიროებაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ევრონიუსის ორგანიზებით ჩატარებულ სამიტზეც ისაუბრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის გზავნილი კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ საქართველოს ყველა კონკრეტულ საკითხზე არგუმენტების სჭირდება.

ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის უმაღლეს კანონში ჩაწერა და პრიორიტეტად გაწერა - წლების შემდეგ, ისევ უცვლელია.

დღის ამბები