ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. ყვარელში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ილიაობა ეროვნული იდენტობისა და ქართული სულიერების ზეიმია, ხოლო ილიას მიერ ჩამოყალიბებული ეროვნულ-პოლიტიკური ხედვა დროსა და ეპოქას უძლებს.
"ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია. ამიტომაც, ილიაობა ჩვენი იდენტობის, ამაყი და უკვდავი ქართული სულიერების ხილული და ხელშესახები ზეიმია. მისმა მოღვაწეობამ შექმნა ეროვნულ-პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც უძლებს ნებისმიერ დროსა და ეპოქას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.