09 ნოემბერი 2026,   21:23
ვრცლად
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს

მაღალი დონის ვიზიტი, სტრატეგიული გზავნილები და ოპოზიციის დუმილი - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრების დღის წესრიგში იყო შუა დერეფანი, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ვიზიტის მასშტაბისა და განხილული საკითხების მიუხედავად, ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა მედიამ დუმილი არჩია. ლევან მაჭავარიანი ამ დუმილის უკან გარედან მიღებულ დავალებას ხედავს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე წერს, რომ ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" ისტორიულ ვიზიტზე არაფერი უნდა ეთქვათ და მათ მითითება უპირობოდ შეასრულეს. მისი შეფასებით, ქვეყნის მიღწევების უგულებელყოფა ოპონენტების ლუსტრაცია და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კიდევ ერთი არგუმენტია.

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა და მისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში - ასე იკვეთება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების მასშტაბი ხან ჭენგის გზავნილებში. საქართველოსთან პარტნიორობაზე ვიცე-პრეზიდენტმა ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ისაუბრა, თბილისიდან კი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზავნილებიც გააჟღერა. ისტორიული კავშირებიდან თავისუფალ ვაჭრობამდე - ხან ჭენგმა ყურადღება როგორც მიღწეულ შედეგებზე, ისე ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პეკინის გზავნილები ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მაგალითია. ამ შესაძლებლობებზე ოპოზიციის დუმილი კი, მათი შეფასებით, აჩვენებს, ვისი ინტერესებით ხელმძღვანელობენ ხელისუფლების ოპონენტები და რა მიზნები აქვთ მათ მხარდამჭერ გარე აქტორებს.

რატომ დარჩა ოპოზიციის შეფასების გარეშე რამდენიმედღიანი ვიზიტი, შეხვედრები ხელისუფლებასთან და ბიზნესსექტორთან - ამ კითხვით დღეს თავად ოპოზიციას მივმართეთ, რომელიც დუმილს საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობით ხსნის. თუმცა, ვერც იმას მალავენ, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანია.

პასუხის მიღებას არაერთი კითხვა დასჭირდა გახარიას პარტიაში, სადაც დუმილის მიზეზად, მათივე სპიკერების მხრიდან, კომპეტენციის ნაკლებობა დასახელდა.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციის განმარტებები მთავარ კითხვას პასუხს ვერ სცემს. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ოპოზიციური ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზეც ამახვილებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ მასშტაბის მოვლენის უგულებელყოფა მიზანმიმართულია: ამომრჩევლამდე მხოლოდ ნეგატიურმა, გამოგონილმა და ყალბმა ინფორმაციამ უნდა მიაღწიოს.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაშინ კი, როდესაც ევროპული დედაქალაქები და ვაშინგტონი პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ, საქართველოში ოპოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპს დუმილით ხვდება.

დღის ამბები