ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით ქართული დელეგაცია პეკინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები, როგორც პარლამენტში, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა. დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ახალგაზრდული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაა.
"გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ უფრო გაღრმავდეს ის ურთიერთობები, რაც აქამდე იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის. ასევე, ვიცით, რომ ზაფხულში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ლექსებს ძალიან კარგად კითხულობენ და ეს შეხვედრებიც სწორედ ამის გაგრძელებაა. მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მოგეხსენებათ, ძალიან კარგად ჩაიარა ამ შეხვედრამ და მე ვფიქრობ, ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი იმის, რომ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან და მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ", - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე