საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
განსახილველი საკითხები ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააცნო.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტი მიმდინარე კვირას კანონპროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ საკითხთან ერთად განიხილავს.
პარლამენტი ასევე პირველი მოსმენით იმსჯელებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პლენარულ სხდომაზე განიხილება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში დაიწყება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭება.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, შესაბამისი ცვლილების შეტანა უნდა უზრუნველყოს.