09 ნოემბერი 2026,   19:39
ვრცლად
ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებსა და მის მიერ დანაშაულების მონანიების საკითხზე ისაუბრა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის მხრიდან დანაშაულების არმონანიებას თავისი ახსნა აქვს, ეს არ არის მხოლოდ პირადი დამოკიდებულება, არამედ გარედან წაქეზებული შეგულიანება.

"ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. ასე რომ სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა, გადაწყვიტოს თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშაულებს. და ის, თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის მისი დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება.

როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო; როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს, რა თქმა უნდა, იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, სხვა შემთხვევაში, მერე უკვე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. უნდა მოყვეს მაშინ საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. უნდა მოგვიყვეს მაშინ, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა. ასევე, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად.

რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს ამ თავის დანაშაულებზე, ბოლომდე თუ ილაპარაკებს, უნდა საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. ასე რომ, შეიძლება, პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები