09 ნოემბერი 2026,   19:12
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობაა, გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები, საქართველო ჩეხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით პრაღაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობებია. საქართველო ჩეხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ჩეხეთი ნავთობის 40%-ს და ახალი ხელშეკრულებით გაზსაც, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით იღებს.

"მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში. დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ.

ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა არის. ჩვენ ქვეყნებს გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები. საქართველო, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია. ჩეხეთი ნავთობის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით. სულ ახლახან დადო ჩეხეთმა ახალი ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც, ასევე, საქართველოს გავლით მიეწოდება, საბოლოო ჯამში, ჩეხეთს. ამიტომ, საქართველო, შუა დერეფანი ჩეხეთისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, ასევე იმ წინაპირობებზე თუ საბაბებზე, რის გამოც ბრიუსელს აქვს საქართველოს მიმართ დღეს განსაკუთრებულად უმწიფარი პოლიტიკა. ვისაუბრეთ "გამჭვირვალობის კანონზე," რომელიც იყო სწორედაც რომ მიზეზი და სხვა დანარჩენი უკვე საბაბები არის ბრიუსელისა საქართველოს მიმართ. სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ რიგ ფონდებს არ უნდათ, რომ გამჭვირვალე გახადონ თავისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ზოგადად, სუვერენიტეტის დარღვევაა.

მე მოვიწვიე ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში, იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მალე ვუმასპინძლო საქართველოში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები