09 ნოემბერი 2026,   21:06
ვრცლად
სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.

შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:

​სარფი-ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი (ასაქცევი)-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და  შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.

დღის ამბები