მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების შემდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე მსჯელობა კითხვა-პასუხით გაგრძელდება. მოსამართლეთა შეკითხვებს ხვალიდან, როგორც მოსარჩელე, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უპასუხებენ. სარჩელის წარმდგენები დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოსთვის მიწოდებული მასალები ფაქტებით გამყარებული იურიდიული დოკუმენტია.
ოპოზიციის ტაქტიკა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორებს არ უკვირთ. სახელისუფლებო ძალა ასაკრძალ პარტიებს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და თვლიან, რომ მოპასუხე მხარეს რეალური სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნია და საჯარო სხდომებზეც გამოჩნდა. ბრალდებები კი საკმაოდ მძიმეა - 5 ოპოზიციურ პარტიას "ქართული ოცნება" სისტემურ დანაშაულებს, კონსტიტუციური წყობილების არ აღიარებას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას და საბოტაჟს ედავება. აკრძალვის საფრთხის წინაშე მყოფი სუბიექტები კი ამბობენ, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.
5 ოპოზიციური პარტიის მიერ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა საკონსტიტუციო სარჩელში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაა. ასაკრძალ პარტიებს სარჩელის ინიციატორები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ახსენებენ. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, სასამართლოსთვის წარდგენილი ყველა ბრალდება დასაბუთებული, არგუმენტირებული და სამართლებრივად გამართულია.
"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ფედერალისტები", "ახალი" და გიორგი გახარიას პარტია - ის პოლიტიკური სუბიექტები არიან, რომელთა წინააღმდეგაც 88 დეპუტატის ხელმოწერით საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა. სამართლებრივ დოკუმენტზე მსჯელობა კი მოსამართლეთა პლენუმმა 21 ოქტომბერს დაიწყო.