09 ნოემბერი 2026,   22:29
ვრცლად
თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტები აღიკვეთა - დაკავებულია რამდენიმე პირი

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შარაძის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გააჩერა, ფეხით მიმავალი მოქალაქე სამართალდამცველებმა საეჭვოდ მიიჩნიეს. გადაამოწმეს და მალევე აღმოჩნდა, რომ ის ნარკოდანაშაულში იყო ჩართული.

ეს კადრები 37 წლის ქალის დაკავების დროს არის გადაღებული, მიწისგან გაკეთებული ბურთულები კი მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა. განსხვავებული მეთოდით, 480 კაფსულა "პრეგაბალინი" იყო დაფასოებული. ე.წ. ფაქტი სამალავებში დასადებად იყო გამზადებული.

ე.წ. დადების მეთოდით იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების გავრცელება ვაზისუბნის ტერიტორიაზე. დანაშაულის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 33 წლის მამაკაცი დააკავა.

გადამოწმების მიზნით გაჩერებული მოქალაქე პატრულის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს და მისგან წებოვან ლენტებში გადახვეული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა დაკავებულის სახლშიც - "კურიერის" ინფორმაციით, 33 წლის კაცის საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკი და დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ალფა-პვპ", "პრეგაბალინისა" და "გამომშრალი მარიხუანის" გავრცელების ფაქტები აღკვეთეს. დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ტოვებდნენ, სამალავებს ფოტოს უღებდნენ და ადგილმდებარეობის შესახებ მყიდველს ინფორმაციას ტელეფონით უგზავნიდნენ.

კლიენტისთვის დატოვებული ნარკოტიკი პატრულის თანამშრომლებმა რამდენიმე სამალავიდანაც ამოიღეს.

ნარკოდანაშაულის ფაქტები აღკვეთეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის 41 წლის კაცია. "კურიერის" ინფორმაციით, ის ე.წ. დამდები იყო და ორთაჭალის ტერიტორიაზე 20 შეკვრა "მეფედრონის" გავრცელებას გეგმავდა. ნარკოდანაშაულის შესახებ სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და მისი დაკავების ღონისძიება დაგეგმეს, ქუჩაში მიმავალი გაჩხრიკეს და ადგილზე დააკავეს. მას თან ჰქონდა 20 შეკვრა "მეფედრონი". ნარკოტიკი ამოღებულია მის მიერ მითითებული ლოკაციებიდანაც.

დღის ამბები