09 ნოემბერი 2026,   21:52
ვრცლად
ისრაელში მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს გადაეცა - ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ არაბული პარტიების მხარდაჭერა მოიპოვა

ისრაელში არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისთვის 12 დღე დასჭირდათ. ქნესეთში ყველაზე მეტი მანდატი ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტია "ლიკუდმა" მოიპოვეს, თუმცა მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონკურენტმა, "ცაჰალის" ყოფილმა გენერალმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გადი აიზენკოტმა, არაბული პარტიების მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირების მანდატი ნეთანიაჰუს ნაცვლად სწორედ აიზენკოტს გადასცა.

გადი აიზენკოტისა და არაბული პარტიების გაერთიანებას ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პარტია "იაშარისა" და არაბული ოპოზიციის გაერთიანებული მთავრობა ვერც ირანისგან მომდინარე საფრთხეს აღკვეთს და ვერც ღაზასა და ლიბანში მყოფ ისრაელელ სამხედროებს დაიცავს.

ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს აფასებს ქვეყნის მთავარი მოკავშირე. განცხადება დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გადი აიზენკოტი და ბენიამინ ნეთანიაჰუ თავიანთი პოლიტიკითა და შეხედულებებით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

აიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის ახლა 28 დღე აქვს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ვადის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებაც. ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პარტია "იაშარის" ლიდერი მთავრობის შექმნას ვერ შეძლებს, მანდატის ფორმირების უფლება კონკურენტი პარტიის კანდიდატს გადაეცემა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები 100 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ისრაელში ახალი არჩევნები დაინიშნება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები