"ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას" - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.
ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.