ოპოზიციისთვის მტკივნეული, ამჯერად, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი გამოდგა. "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას, სწორედ, ხან ჭენგის ისტორიული სტუმრობის ფონზე, ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული მედიის დუმილზე ამახვილებენ. პოლიტიკოსების განცხადებით, ყოფილმა და მოქმედმა "ნაციონალებმა" ამჯერადაც გარედან მიღებული დავალება შეასრულეს. მიზეზი კი მარტივია, ხელისუფლების ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს არ უნდათ აღიარება რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ჩინეთთან სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას ცდილობენ, საქართველო უკვე დანიშნულების ადგილზეა.
ვიზიტმა ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის მასშტაბი კიდევ ერთხელ გამოკვეთა. პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორის კავშირების განვითარებაზეა საუბარი განცხადებაშიც, რომელიც ხან ჭენგის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩინეთის საელჩომ გაავრცელა. სახალხო რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერას ადასტურებს. პეკინი გლობალურ კონტექსტში თბილისს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს.
საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარე ამას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის ნათელ მაგალითს უწოდებს. შალვა პაპუაშვილი პეკინისა და ბრიუსელის მიდგომებს ადარებს და რეალურ მეგობრობასა და მეგობრობით შენიღბულ დიქტატს შორის განსხვავებაზე საუბრობს.
რატომ დუმდა ოპოზიცია მაშინ, როდესაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში სამი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა? "ნაციონალურ მოძრაობაში" კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ვერც იმას უარყოფენ, რომ პეკინი თბილისისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ჩინეთთან კავშირების მნიშვნელობას ვერც "ლელოში" გაურბიან, თუმცა, კითხვაზე პასუხად, სუბიექტურ მიზეზებს ასახელებენ.
მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე მმართველ გუნდში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია, ამ ურთიერთობების მნიშვნელობის უგულებელყოფით, რეალობის გაყალბებას ცდილობენ. თუმცა, უმრავლესობის შეფასებით, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ალტერნატიული რეალობის შექმნა მაინც ვერ შეძლეს.
ხან ჭენგი საქართველოში პარასკევს ჩამოვიდა, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ, პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: თბილისი სამხრეთ კავკასიაში მისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია.