დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. როგორც BBC წერს, 41 წლის მამაკაცს 2023 წელს მიღებული "ეროვნული უსაფრთხოების აქტის" პირველი და მესამე ნაწილის დარღვევას ედავებიან.
აღნიშნული აქტის პირველი ნაწილი ეხება დაცული ინფორმაციის მოპოვებას ან გამჟღავნებას, ხოლო მესამე - უცხოური დაზვერვის სამსახურის დახმარებას.
"დაკავებულს რუსეთთან დაკავშირებულ ჯაშუშობაში ედება ბრალი", - წერს CNN-ი.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი აცხადებს, რომ "FBI არ იქნება შემწყნარებელი არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვინც არღვევს ფიცს შეერთებული შტატების წინაშე და ვისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებას".
მედიის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ამჟამად ლონდონის პოლიციის განყოფილებაში, პატიმრობაშია.
ამ წუთებში, ჩხრეკა ორ ლოკაციაზე ტარდება.