საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწორედ ამ სექტორზე მოდის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანია საფინანსო სექტორში არსებული ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი ფინანსური ინსტიტუტების საქართველოში შემოსვლას, ისე მოქმედ საფინანსო ორგანიზაციებში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას.
„წლების განმავლობაში დაგროვდა პრაქტიკა და საკითხები, რომლებიც დროთა განმავლობაში განახლებას საჭიროებს. ვხედავთ, რომ არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბიუროკრატიის გამარტივებაა შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ახალი საფინანსო ინსტიტუტების, ისე არსებულ ინსტიტუტებში ინვესტორების შემოსვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო და, კერძოდ, საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. დაახლოებით 36-40% სწორედ ამ სექტორზე მოდის, რაც მაღალ ინტერესზე მეტყველებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ინვესტორების მიმართ მოქმედი მოთხოვნების დაცვას კვლავ მკაცრად გააკონტროლებს, თუმცა გარკვეული პროცედურების გამარტივება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ინვესტორს ან საფინანსო ინსტიტუტს მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს და მისი საქმიანობა მკაცრი რეგულირების პირობებში მიმდინარეობს.
„ჩვენ კვლავაც საკმაოდ მკაცრად გავაგრძელებთ მონიტორინგს, შეესაბამება თუ არა კონკრეტულ კრიტერიუმებს ესა თუ ის ინვესტორი, რომელსაც საქართველოში შემოსვლის სურვილი აქვს. თუმცა ვხედავთ გარკვეული გამარტივების შესაძლებლობას, განსაკუთრებით იქ, სადაც არის ქვეყნის მაღალი რეიტინგი, საფინანსო დაწესებულების მაღალი რეიტინგი, ცენტრალური ბანკის მაღალი რეპუტაცია და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია და გეოგრაფიულად დივერსიფიცირებული. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ღიაა სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების საქართველოში შემოსვლის მიმართ.
„იქნება ეს ინდური ბანკი, ყაზახური ბანკი თუ ინგლისური ბანკი, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ. ვხედავთ ძალიან მაღალ ინტერესს, რომელიც გეოგრაფიულად დივერსიფიცირებულია, და ამას მხოლოდ მივესალმებით. ეს ცვლილება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. ის ზოგადად დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები რომელიმე ინვესტორისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას არ ითვალისწინებს. მათი მიზანია საერთაშორისოდ აღიარებული რეიტინგებისა და შეფასებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების გამარტივება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.
„აქ განსაკუთრებულ პრივილეგიებზე არ არის საუბარი. თუ არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხების გადამოწმება, რომლებიც საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე დადგენილია. სწორედ ასეთი ტიპის გამარტივებაზეა საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.