გლდანის ციხე, 16 ოქტომბერი - დავით ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე შეასახლეს. მათ ფეიქრიშვილზე ფიზიკურად იძალადეს. ჯგუფური ანგარიშსწორება 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 4 დღის განმავლობაში მიყენებულმა მრავალრიცხოვანმა დაზიანებებმა დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
პროკურატურამ დღეს გახმაურებული საქმის დეტალები და გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა. დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია.
7 ბრალდებულიდან ორი ყოფილი მაღალჩინოსანია. ბრალდებულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი დირექტორი გიორგი პატარიძე და მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა. ირკვევა, რომ მათ პენიტენციური კოდექსი და სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დებულება დაარღვიეს. როგორ აღმოჩნდნენ წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ერთ საკანში, ამ კითხვას გამოძიებამ პასუხი გასცა.
დავით ფეიქრიშვილის საკანში ბრალდებულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის თხოვნით, გიორგი პატარიძის მითითებითა და გლდანის ციხის იმჟამინდელი დირექტორის გადაწყვეტილებით შევიდნენ.
გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა დაკავებულები არ არიან. წარდგენილ ბრალდებაზე მათი პოზიციის გასაგებად, "კურიერი" ყოფილი მაღალჩინოსნების საცხოვრებელ მისამართებზე მივიდა, თუმცა კარი არავინ გააღო.
დანაშაული, რომელსაც გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას გამოძიება ედავება, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ვატო ყიფიანის, იგივე ვახტანგ ჟვანიას, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი კი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
"კურიერის" ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა. ე.წ. მატროსოვის ციხეში მასთან დღეს გამომძიებელი შევიდა და სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა.
რაც შეეხება ბრალდებულებს, მათი პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია. ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, ბრალს არ ეთანხმება.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. კონკრეტული ღონისძიებები დღეს დილიდან ქსნის ციხეშიც მიმდინარეობდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი არიან მოთავსებული.
საქმის ახალ გარემოებებზე გამოძიება შედეგებს პერიოდულად გაასაჯაროებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებები შეუცვალეს. ძმები ფეიქრიშვილები ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილი, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი კი ქსნის მე-10 დაწესებულებაში იმყოფებიან.