"თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილო მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ანა წითლიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის იმ სტრატეგიას მიჰყვება, რომელიც პარტიას სწორად მიაჩნია.
"როგორც ვთვლით ჩვენ და მეც ამ შემთხვევაში, რომ დაცვის სტრატეგია ასეთი უნდა იყოს პარტიის, სწორედ მაგას მივყვები“, - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ანა წითლიძე.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა განსხვავებულ სტანდარტს მოითხოვს. მისი თქმით, პარტიის სამართლებრივი არგუმენტაცია კონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეფუძნება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების წარმოდგენა სხვა პირებსაც შეუძლიათ.
"მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. შეუძლია სხვა ადამიანებს უკეთესად ალბათ წარმოადგინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგ არის პრობლემა", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.