13 ნოემბერი 2026,   18:43
ვრცლად
გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. პროცესი დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლეების შეკითხვებს კოალიცია "ცვლილებების" წარმომადგენლები პასუხობენ. მანამდე კი პლენუმი "ნაციონალურ მოძრაობას" უსმენდა.

ემიჯნება თუ არა პარტია აქციებზე ძალადობრივ მოვლენებს - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არცერთ აქციაზე არ ქონია. ასევე, ეჭვქვეშ აყენებენ 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის განაჩენს. საქმეზე ევრო სასამართლომ განაცხადა, რომ განხორციელდა სამართალდამცველებზე თავდასხმები იმ დროს, როდესაც ისინი კანონიერად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოპასუხე მხარესთან შეკითხვები ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების არ აღიარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევებს და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, მოპასუხე მხარე მძიმე მდგომარეობაშია და ცდილობს უარყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ან ძალადობის ფაქტების მასშტაბურობა შეამციროს.

გიორგი კახიანის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების წინააღმდეგ, ფაქტებთან დაპირისპირება კი მათ საზოგადოების წინაშე აბსურდულ მდგომარეობაში აყენებს.

"უარყოფენ ყველაფერს, უარყოფენ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ აი, ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, მასიური ხასიათი. რაღაც კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო და ახლა ამასთან, ჩვენ რა კავშირში ვართო.

მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერ შეძლებენ. მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელში არის მოყვანილი. ამიტომ როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს ბუნებრივია აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

დღის ამბები