14 ნოემბერი 2026,   21:31
ვრცლად
დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმე - ხუთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, ორმა საპატიმრო 10 000 - 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე დატოვა

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძემ და რამაზ ფირცხალავამ სასამართლოს ეზო ავტომობილით დატოვეს. კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ირკვევა, რომ დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეში ბრალდებულები წარდგენილ ბრალზე პოზიციას არ ასაჯაროებენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს და გლდანის ციხის ყოფილ უფროსს არაფერი უთქვამთ არც სასამართლოზე, პროცესზე, სადაც მათი საქმე განიხილეს. გიორგი პატარიძემ და რამაზ ფირცხალავამ გამოცხადებული გადაწყვეტილება დარბაზში მოისმინეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობით იხელმძღვანელა და ორივეს 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პატარიძის და ფირცხალავას ადვოკატი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა ალტერნატივის სახით მოსამართლეს 3000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მაინც მიმართა.

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

რაში გამოიხატებოდა პატარიძისა და ფირცხალავას ბრალი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, დარბაზში პროკურორმა ვრცლად ისაუბრა. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც გახმაურებულ საქმეზე გამოძიებამ უკვე მოიპოვა, ესენია მოწმეების ჩვენებები. მათ შორისაა დავით ფეიქრიშვილის ჩვენებაც, საქმის მასალებში დევს ექსპერტიზის შედეგები და მოსამართლის განჩინებით გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები.

ჯგუფურად ძალადობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა. მოსამართლემ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის (იგივე კაწროს), შოთა ყიფიანის, დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძის საქმეზე იმსჯელა. ხუთივეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა.

ბრალდებულები სხდომას არ დასწრებიან. ცნობილია, რომ არცერთი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ნაწილი საკუთარი პოზიციის გასაჯაროებას სასამართლოზე არსებითი განხილვების დროს აპირებს.

რა მოხდა 72-ე საკანში, გახმაურებული საქმის პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა გარემოებებზე, რომლებიც დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტს ადასტურებს.

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმის დეტალები და დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების ვინაობა ოფიციალურად გუშინ გასაჯაროვდა. გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ დაზარალებულზე ვატო ყიფიანი, იგივე ვახტანგ ჟვანია, ავთანდილ ბილანიშვილი და მათი გარემოცვის წევრები 4 დღის განმავლობაში ჯგუფურად ძალადობდნენ.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების მიზნით ერთმანეთთან დაპირისპირებული პატიმრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

დღის ამბები