საქართველოს რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განახლების პროცესშია. მხოლოდ ერთი საერთაშორისო ტენდერის ღირებულება 180 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ემსახურება - მგზავრებს სრულიად ახალი 10 ელექტრომატარებელი მოემსახურება.
თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რომელზეც თანამედროვე ელექტრომატარებლები გადანაწილდება და მგზავრებს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს. თითოეული მატარებელი 280 ადამიანზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. გაიზრდება რეისების რაოდენობა, რაც რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს.
პარალელურად, საქართველოს რკინიგზა არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მოძრავი შემადგენლობის განახლების ფარგლებში უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი. ასევე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში აქტიურ ფაზაშია სადგურების რეაბილიტაცია.
სარკინიგზო ქსელი ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს როგორც რკინიგზის შემოსავლების ზრდას ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
მიმდინარე სტრატეგიული პროექტები საქართველოს რკინიგზის განვითარების 10 წლიანი გეგმის ნაწილია. მიზანი საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესება, ტექნიკური ხარჯების შემცირება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა.
ავტორები: ირაკლი კოშაძე