14 ნოემბერი 2026,   19:06
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფესტივალ "განდაგანას" ოჯახთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოჯახთან ერთად, ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანას" დაესწრო.

ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასა და სოფლად მოგზაურობის წახალისებას ემსახურება.

მთავრობის თავმჯდომარემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ოთხივე სეზონზე ტურიზმის განვითარებასა და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ფესტივალი მთავრობის, ბიზნესისა და ფერმერების ერთობლივი მუშაობის მაგალითია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი ნაწარმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 200-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება აჭარულ სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების გაცნობას ეთმობა.

ფესტივალს საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები