14 ნოემბერი 2026,   19:06
ვრცლად
ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას დონბასის დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, მზად იყო თუ არა, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარები გაეყვანა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა თავდაპირველად დააყენეს საკითხი, გავიდოდა თუ არა უკრაინა დონბასიდან, თუ ის ნატოში გაწევრიანდებოდა.

"მე არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ უთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: "თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?" ეს პირველი შემთხვევა იყო. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ყოვლისმომცველ უსაფრთხოების პაკეტს, რომლის შემოთავაზებაც მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების დროს: იარაღი, გარკვეული პერიოდის ფინანსური მხარდაჭერა და Prosperity Plan, აღდგენის გეგმა, რომელიც მხარდაჭერილია მკაფიოდ განსაზღვრული წყაროებიდან მიღებული დაფინანსებით", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თუ ამერიკული მხარე ამ საკითხს ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად დაადასტურებს, ის აზრს საზოგადოებას ჰკითხავს.

"მაშინ ხალხს ვკითხავ: ვიღებთ თუ არა ამ წინადადებას? არ მაქვს უფლება, ეს გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მივიღო. თუმცა საჭიროა კონკრეტული დეტალები, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ არსებობს და საკითხის გარშემო მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

წყარო: eurointegration

დღის ამბები