ევროპელები რომ თხევადი გაზის იმპორტს რუსეთიდან ყოველწლიურად ზრდიან, ამას ანალიტიკური პლატფორმა "კეპლერის" ბოლო მონაცემები მოწმობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთიდან ბოლო 10 თვის განმავლობაში 20 პროცენტით გაზრდილი იმპორტი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტს კიდევ ერთხელ ადასტურებს. სხვა ქვეყნებს ბრიუსელი აიძულებს, რუსეთს სანქციები დაუწესონ, არ ივაჭრონ და ეკონომიკა ჩამოშალონ, რა დროსაც საკუთარი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მოსკოვთან თავადვე ვაჭრობენ.
ევროპული ბლოკი რუსული თხევადი გაზის მთავარ მყიდველად რჩება და რუსეთის მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარს ითვისებს. თხევად გაზს ევროკავშირი კომპანია "იამალისგან" ყიდულობს. "იამალის" საკონტროლო პაკეტს კომპანია "ნოვატეკი" ფლობს. "ნოვატეკი" კი ის ბიზნესია, რომელიც რუსული ომის მანქანის დაფინანსებაში ევროპელებმა არაერთხელ დაადანაშაულეს. ეს დოკუმენტებითაც დადასტურდა. სწორედ ამიტომ ისმის კითხვა, უკრაინაში რუსეთის ომს თავად ევროკავშირი ხომ არ აფინანსებს? - რაზე პასუხსაც ეს მონაცემები საკმაოდ მკაფიოდ სცემს.
უსამართლობა ბრიუსელიდან აღარ აკვირვებთ თბილისში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირი მხოლოდ საკუთარი ინტერესების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაზე ზრუნავს, სანაცვლოდ კი სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესებს შეურაცხყოფს.
ევრობიუროკრატიის ორმაგი პოლიტიკის გამართლებას ცდილობს ქართული ოპოზიცია. გახარიას პარტიასა და "ლელოში" ამბობენ, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში ახალი არაფერი წერია. ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები, მაინც არ პასუხობენ კითხვას, მაშინ, რატომ მოუწოდებს ბრიუსელი თბილისსა და კერძო ბიზნესს, რომ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი შეიზღუდოს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირმა ყველა პარტნიორის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გამოავლინოს. კანონმდებლების განცხადებით, შეუძლებელი პოლიტიკური გაერთიანება სხვა ქვეყნებს დემოკრატიის სახელით უკრძალავდეს იმას, რასაც თავად სისტემატიურად აკეთებს.
2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ევროკავშირი აკრიტიკებს ყველა სახელმწიფოს, რომლის კერძო ბიზნესიც რუსეთში საქონლის ექსპორტს ახორციელებს. ამ დროს თავად პოლიტიკური გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები, დადასტურდა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანის დამფინანსებელი კომპანიისგან თხევად გაზს სისტემატიურად ყიდულობენ.