ორნამენტებში გაცოცხლებული ისტორია და თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციები. ბათუმი დამთვალიერებლებს აჭარული სოფლების მრავალფეროვან კულტურას აცნობს.
წელს, ევროპის მოედანზე შეკრებილ სტუმრებს აჭარულ სამზარეულოსთან ერთად მეგრული, გურული და სვანური კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანაზე" საპატიო სტუმრები პატარები არიან. მათთვის მოეწყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორებმა იზრუნეს. წელს ფესტივალის სტუმრებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან.
ფესტივალის სცენა მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ ფოლკლორული ანსამბლებსა და მუსიკალური ბენდებს ეთმობა. მსმენელთან შეხვედრას განსაკუთრებით ჯგუფი "ურსა" ელოდება, რომელიც ფესტივალის პირველ დღეს ხურავს.
ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ ღონისძიების მნიშვნელობასა და აჭარის რეგიონში ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ისაუბრა.
ფესტივალის მიზანი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენაა. "განდაგანა" ევროპის მოედანზე სტუმრებს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.