მოლოდინის მიუხედავად, მაინც ძნელად წარმოსადგენი ის არგუმენტაცია იყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე გააჟღერა. დარბაზში ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები პარტიას არ მიემართება. არჩილ გორდულაძის შეფასებით, ენმ-ს ლიდერებს სასამართლოზე ალტერნატიული რეალობის შექმნა სურდათ. თუმცა, საპირისპირო შედეგი მიიღეს.
2004-2012 წლებში რომ ხელისუფლებაში თავად არ ყოფილა, ამას ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარ არგუმენტად მიიჩნევს. თუმცა, მკაფიოდ მაინც არ ამბობს, დღევანდელი "ნაციონალები" ემიჯნებიან თუ არა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს. გმობენ თუ არა უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის, ძალადობრივ აქციებს და შტურმს სახელმწიფო უწყებებზე.
ამ ყველაფერს წითლიძე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს. თორნიკე ჭეიშვილისთვის კი, სასამართლოში ამ არგუმენტაციის მოსმენამ მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება დატოვა - საქართველოსა და მისი კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ძველი, ასევე ახალი "ნაციონალებისთვის" გაცხადებული თვითმიზანია.
"ნაციონალურ მოძრაობას" დამახინჯებულ მსჯელობაზე გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც მიუთითა. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლოში წარმომადგენლებს მოუწოდა, ან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აეღოთ ან სახლში წასულიყვნენ. სააკაშვილის საყვედურის საპასუხოდ კი, "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე არჩეულ და დამტკიცებულ დაცვის სტრატეგიაზე მიუთითეს.
უარყოფით აღიარებული დანაშაული - ამ შთაბეჭდილებას ტოვებს მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" სიტყვები ბათუმში მიმდინარე პროცესებზე. კანონმდებლების განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერები ყველას და ყველაფრის უარყოფას ცდილობენ, რითაც სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს ამხელენ.
ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია. ოთხი დღე და ხუთი მოპასუხე. "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ ჩადენილი დანაშაული პარტიას არ ეხება. თუმცა, პარტიის წევრებმა მაინც ვერ უარყვეს იმ დანაშაულების ნამდვილობა, რომელთაგანაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთი წლების წინ დაადასტურა, დღეს კი, კონსტიტუციურ სარჩელშია თავმოყრილი.