ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მთებს შორის მდებარე შენობა საუკუნის მანძილზე სოფელ სნოში ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. 120 წელი ცოტა რომ არ არის ეს ყველაზე კარგად ამ ნაგებობას ეტყობა. სკოლის კედლები არაერთი თაობის ისტორიას ინახავს. აქ სწავლობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
როგორი სახით დაუბრუნდება სკოლა ადგილობრივებს - პასუხი ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული.
პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა საკუთარ თავზე აიღო. შეისწავლეს შენობის არსებული მდგომარეობა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მანამდე არსებული პროექტი ხარვეზებს შეიცავდა და საჭირო იყო დამატებითი კვლევები. არის თუ არა შენობის კონსტრუქცია მყარი და გახდება თუ არა არსებული ნაგებობის სრული დემონტაჟი აუცილებელი - კითხვებს პასუხები მოკვლევის შემდეგ გაეცემა.
სკოლის რეაბილიტაცია 2025 წლიდან დაიწყო. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამუშაოებისთვის 2 მილიონ 262 000 ლარი გამოიყო. საწყის ეტაპზე კონტრაქტორმა კომპანიამ შენობის ნაწილის დემონტაჟი განახორციელა, სამუშაოებმა აჩვენა არსებულ შენობაზე დამატებითი კვლევების აუცილებლობა. პროექტი შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაიბარა.
დაბა სნოს საჯარო სკოლას 40 მოსწავლე ჰყავს. არსებული მდგომარეობის გამო უკვე სამი წელია ადგილობრივ ბავშვებს სასწავლო პროცესი ეზოში მდებარე სხვა შენობაში უტარდებათ. მშობლები და პედაგოგები მაქსიმალურად მოკლე ვადაში სასწავლო დაწესებულების განახლებას ითხოვენ და აცხადებენ რომ ისტორიულ შენობას ავთენტური სახე უნდა დაუბრუნდეს.
დაბა სნოში მდებარე სკოლის არსებული მდგომარეობა დღეს ადგილზე კიდევ ერთხელ შეაფასეს ექსპერტებმა. ისტორიული შენობის მომავალი სწორედ ექსპერტული კვლევის შემდეგ გადაწყდება