27 აგვისტო 2026,   05:48
ვრცლად
ნიკა გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას" დაშლას უწინასწარმეტყველებს - "ახლების" ლიდერმა ძველი თანაგუნდელები წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა, სააკაშვილს კი სინდისის დემენციის დიაგნოზი დაუსვა

"ნაციონალურ მოძრაობას" დაშლას ყოფილი იდეოლოგი უწინასწარმეტყველებს. სააკაშვილის გუნდის მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა გზამ ნიკა გვარამია დაარწმუნა, რომ ერთ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია, დღეს თვითგანადგურების რეჟიმშია. "ახლების" ლიდერმა ძველი თანაგუნდელები წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა, პარტიის ერთპიროვნულ ლიდერს კი სინდისის დემენციის დიაგნოზი დაუსვა.

თვითგანადგურების რეჟიმში მყოფი პარტიის პოლიტიკური სამიზნე ნიკა გვარამია არაერთხელ გახდა, მაშინაც როცა ოკუპირებულ აფხაზეთზე გააკეთა განცხადება და მაშინაც როცა ნაციონალურ მოძრაობას ფასი დაადო. გვარამიას შეურაცხმყოფელი ეპითეტების მთავარმა ავტორმა დღეს იმ საჯარო პოსტებზე მიუთითა, რომელშიც ახლების ლიდერს და დღეს მთავარ ოპონენტებს პოლიტიკური და სამართლებრივი დანაშაულები გაახსენა. საჯარო სტატუსებში წითლიძე გვარამიას გაყიდულთან ერთად, ტელევიზიების მძარცველსაც უწოდებდა.

ოპოზიციური ალიანსი მნიშვნელოვანი როგორც ჩანს არავისთვის ყოფილა, რადგან 6 თვის წინ შექმნილმა ერთობამ ფუნქცია უკვე დაკარგა. არც "ფეისბუკ" აქტივობა, არც ერთობლივი ბრიფინგები და აღარც შეხვედრები - ალიანსი დაშლილია, თუმცა ამის აღიარება ჯერ არავის სურს. არც თავად "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს ღიად, რომ ალიანსის წევრები აღარ არიან. თუმცა ნაციონალები ერთობიდან დიდი ხნის წინ გარიცხეს. მაშინ, როცა ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილი წესების დარღვევაში დაადანაშაულა და მის თანაგუნდელებს მფრინავი მაიმუნები უწოდა.

არც ოპოზიციის გაერთიანების მორიგი მცდელობა და არც შემდგომ დაშლა მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ რესურს გამოცლილი ოპოზიცია მხოლოდ გარე დავალებებით და ქვეყნის წინააღმდეგ ერთიანდება. ოპონენტების დღევანდელი პოლიტიკური რეალობა "ქართული ოცნებისთვის" იმის დასტურია, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს.

დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები, პირადი შეურაცხყოფა და წარსულის გახსენება - ოპოზიციურ ველზე ხელისუფლების ოპონენტებს შორის ბრძოლა ისევ გრძელდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები