საბურავებიდან ამოღებული 33 კილოგრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონი ლარი ღირს. ნარკოტიკი საქართველოში ორგანიზებულ ჯგუფს უნდა გაევრცელებინა. გეგმავდნენ მის დაფასოებას და შემდეგ გაყიდვას. ნარკოდანაშაულის ფაქტი პოლიციამ რეალიზაციამდე რამდენიმე საათით ადრე აღკვეთა.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს. ირკვევა, რომ ნარკოდამნაშავეებმა სახლი ნარკოტიკის შესანახად და ნარკოდანაშაულის გეგმის სისრულეში მოსაყვანად სპეციალურად იქირავეს.
ნარკოტიკები ჰქონდათ დამალული კიდევ ერთ მისამართზე. მათ რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში ნომერი დაჯავშნეს. ღამეს აქ არ ათევდნენ, დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით მიდიოდნენ. ოთახიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი, ჰეროინი და მეთადონია ამოღებული.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი გეგმა წინასწარ შეიმუშავეს. მომარაგებული ჰქონდათ ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.
რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გავიდა პოლიცია ნარკოდანაშაულის კვალზე - დეტალები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს გაასაჯაროვა.
რუსთავის პარალელურად, სამართალდამცველები თბილისსა და რეგიონებშიც იყვნენ მობილიზებულები. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 24, მათგან 15 პირი სისტემატურად უწყობდა ხელს ნარკოტიკების რეალიზაციას.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს, "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციას სისტემატურად უწყობდა ხელს. ის ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები ახალგაზრდა ქალები იყვნენ, გადანაწილებული ჰქონდათ ფუნქციები: ნაწილი ნარკოტიკს აფასოებდა და სამალავში ტოვებდა, ნაწილი კი მისამართებს ფოტოს უღებდა და კლიენტს უგზავნიდა. იყენებდნენ ინტერნეტ აპლიკაციებს და ამ მეთოდით კლიენტებს იზიდავდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ქალები ავრცელებდნენ, მეფედრონი იყო - ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების დროს აღმოჩენილია სათბურებიც. ამოღებულია ქიმიური ხსნარები, დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სხვა ნივთმტკიცებები. ნარკოდანაშაულის ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულებს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდების მხარის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და ყველა დაკავებული ახლა წინასწარ 2 თვიან პატიმრობაშია.