27 აგვისტო 2026,   16:13
ვრცლად
ამერიკული ოცნების სიმბოლო - მსოფლიო, ლეგენდარულ ქანთრი მომღერალს დოლი პარტონს ემშვიდობება

ბრჭყვიალა კოსტიუმები, ქერა პარიკები და უნიკალური ხმა – ექვსი ათწლეულის განმავლობაში მან არა მხოლოდ ქანთრი მუსიკაზე, არამედ მთლიანად ამერიკულ პოპკულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ათასობით სიმღერა დაწერა, თუმცა Jolene და I Will Always Love You საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ხმა სამუდამოდ დარჩენილიყო მუსიკის ისტორიაში.

დოლი რებეკა პარტონი 1946 წლის 19 იანვარს, ტენესის შტატის პატარა სოფელში, 12-შვილიან ოჯახში დაიბადა. ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ დოლის დაბადებისას მამამ ექიმს საფასური სიმინდის ფქვილის ტომრით გადაუხადა.

მომღერალი წლების შემდეგ ამბობდა, რომ სიღარიბის მიუხედავად, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რადგან მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ხუთი წლის ასაკში პირველი სიმღერა დაწერა. 10 წლის იყო, როცა რადიოსა და ტელევიზიაში გამოჩნდა, 13 წლისამ კი პირველი ჩანაწერი გააკეთა. კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა პორტერ უაგონერთან შეხვედრა.

მალევე მისი სატელევიზიო შოუს პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის დასრულებამ კი ისტორია დაწერა – ისტორია, რომელსაც I Will Always Love You ერქვა – მადლიერებისა და დამშვიდობების სიმბოლო, მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა. მის გლობალურ ჰიტად ქცევაში უდიდესი როლი უიტნი ჰიუსტონის 1992 წლის შესრულებამ ითამაშა.

სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სოლო კარიერის ის ეტაპი, რომელმაც ის საბოლოოდ მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

პარტონი მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში. ნომინირებული იყო "ემიზე", "გრემიზე", "ოსკარსა" და "ტონიზე".

მისი სახელი ქანთრი მუსიკისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებშია შეყვანილი.

პარტონმა 3 000-ზე მეტი სიმღერა დაწერა. მისი ნაწარმოებები ასობით მუსიკოსმა შეასრულა. წერდა იმაზე, რაც თავად ჰქონდა გამოვლილი – სიღარიბე, სიყვარული, დანაკარგები და გენდერული უთანასწორობა.

ის არ გაურბოდა წარსულს, პირიქით, სწორედ მისგან შექმნა საკუთარი იდენტობა. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო ხშირად უბრუნდებოდა მშობლიურ მხარეს – სიმღერებით, მოგონებებით, საქველმოქმედო საქმიანობითა და იმ ადამიანებისადმი ერთგულებით, რომელთა შორისაც გაიზარდა.

ამერიკა ლეგენდარულ მომღერალს ემშვიდობება. მისი მშობლიური ქალაქიდან ჰოლივუდამდე – მის სახლთან, მურალებთან, ქანდაკებასთან და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მის ვარსკვლავთან თაყვანისმცემლებს ყვავილები, სანთლები და წერილები მიაქვთ, ტოვებენ უკანასკნელ გზავნილებს. დოლის პატივსაცემად ნიუ-იორკში Empire State Building-ი ვარდისფრად განათდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დოლი პარტონის ხსოვნის პატივსაცემად, შეერთებული შტატების მასშტაბით სახელმწიფო დროშა ერთი კვირით დაეშვება – იშვიათი გამონაკლისი ქვეყნის ისტორიაში იმ ადამიანისთვის, რომელიც მილიონობით ამერიკელისთვის არა მხოლოდ ქანთრის დედოფალი, არამედ თავად ამერიკული ოცნების სიმბოლო იყო.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები