25 აგვისტო 2026,   23:29
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - დაშლილი ალიანსის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან

ოპოზიციური ალიანსი დღეს ფუნქციადაკარგულად გამოაცხადეს, თუმცა თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ გაერთიანებაში ფუნქცია დიდი ხნის წინ დაკარგა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილმა ალიანსის წესების დაცვაზე უარი თქვა, თანამშრომლობას თანამებრძოლებთან პოლიტიკური ომი ამჯობინა და არც ყოფილი მეგობრების საჯარო კრიტიკას მორიდებია. ამ ფონზე, ალიანსის წევრებმა დაპირისპირების ავანგარდში მყოფი სააკაშვილის გუნდი ალიანსს მიღმა დატოვეს. თუმცა, თავად "ნაციონალური მოძრაობა" თავს ჯერ კიდევ დაშლილი ალიანსის წევრად მიიჩნევს.

უპასუხოდ არავის დატოვებას არ გეგმავს გვარამიას გუნდი. პარტია "ახალის" წევრები ამბობენ, რომ უარგუმენტო ბრალდებებსა და უსაფუძვლო ტყუილებზე დუმილმა მათსავე პარტიაზე აგრესიული თავდასხმები კიდევ უფრო გაახშირა.

სააკაშვილის პარტიის პოლიტიკურ სამიზნეში კვლავ გვარამიას გუნდია. ტელევიზიების მძარცველი, გაყიდული, მოსყიდული ანგაჟირებული - ყოფილი თანაგუნდელის და ერთ დროს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი იდეოლოგის საჯარო შეურაცხყოფის ერთ-ერთი მიზეზი, თავად ნიკა გვარამიას განცხადებაა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის პარტიის დასაშლელად არა 40, არამედ 4 მილიონიც საკმარისი იქნება. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღეს ციხიდან შემოუთვალა, რომ ამ განცხადების ავტორის დონეზე არ უნდა დავიდნენ.

ალიანსის შექმნის დღიდან მმართველი გუნდი ამ გაერთიანების დაშლას პროგნოზირებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეალურად მათი ოპონენტები არც არასდროს გაერთიანებულან, ერთობის იმიტაცია კი გარე დავალება იყო, რომელიც ვერ შეასრულეს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია შელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, თუმცა როცა არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებ, პოლიტიკური მარცხიც გარდაუვალია.

ოპოზიციურ ალიანსში ბზარი შექმნიდან, ზუსტად 2 კვირაში ერთმანეთის შეურაცხყოფისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ გაჩნდა. გაერთიანება დაშლილია, თუმცა ერთმანეთს უკვე დაშლილი ალიანსის წევრები მაინც უპირისპირდებიან. 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები