26 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
ღარიბაშვილის ახალი კორუფციული საქმე - ქართული ჯარისთვის მილიონობით ზარალის მიყენების საქმეზე, ყოფილი პრემიერის წინასასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს ჩაინიშნა

ახალ, მძიმე კორუფციულ საქმეში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დარბაზში დღეს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად არც თავად ბრალდებული მისულა. ქართული ჯარისთვის მილიონობით ზარალის მიყენების საქმეზე, ღარიბაშვილის წინასასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს ჩაინიშნა. დღეს კი პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქმეში ღარიბაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება და ფაქტი დევს. მისი თქმით, მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციულ სქემასთან, რომის შედეგადაც ჯარმა ექვს ნახევარი მილიონი ლარი იზარალა.

კორუფციული სქემის დეტალები გუშინ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საუბარია გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენაზე, რომლისთვისაც 11 ნახევარი მილიონი ლარის ნაცვლად, 18 ნახევარი მილიონი დაიხარჯა. სქემამ ასე იმუშავა - ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ვასილ მხეიძე, იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს და აპარატურისთვის საჭირო თანხის ხელოვნურად გაზრდის შედეგად, ტენდერში გამარჯვებას და სარგებელს დაჰპირდა. თავის მხრივ, ბიზნესმენის მოთხოვნით, საქმეზე გარანტია ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო. ხელოვნურად გაზრდილი თანხების გახარჯვის შემდეგ კი ბიზნესმენისგან მხეიძემ მილიონ 900 ათასი ლარი ე.წ. ქეში მიიღო. თავისთვის 400 ათასი დაიტოვა, 750- 750 ათასი კი ბურჭულაძემ და ღარიბაშვილმა გაინაწილეს.

ირაკლი ღარიბაშვილისთვის განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წარდგენილი ბრალი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა ურთიერთგამომრიცხავი წერილების გამოქვეყნებამდე აღნიშნული საქმის დეტალები იცოდა, წერილებით კი საკუთარი ბრალეულობის პოლიტიკური შლეიფით შეფუთვა ცადა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მტკიცებულებების შემთხვევაში სასჯელისგან ყოფილი ან მოქმედი სტატუსი ვერავის იხსნის.

ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის სამი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

დღის ამბები