26 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
შიდა დაპირისპირება უკრაინაში და ყოფილი თავდაცვის მინისტრის სკანდალურ განცხადება - ზელენსკის გარემოცვა მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში ეხვევა

მიმდინარე ომთან და კორუფციასთან დაკავშირებული განცხადება უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში გაახმოვანა. მიხაილო ფედოროვი მიიჩნევს, რომ უკრაინა ომს ნელ-ნელა აგებს და კიევს მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს იმ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებმაც შესაძლოა ფრონტზე ვითარება შეცვალოს. ექსმინისტრის თქმით, ქვეყანას არ გააჩნია გამარჯვების ერთიანი ხედვა, პროცესს კი ფესვგადგმული კორუფცია, ტექნოლოგიური შეფერხებები და სამთავრობო ინსტიტუტებში პოლიტიკური დამოუკიდებლობის არარსებობა აფერხებს.

"უკრაინსკაია პრავდას" გამოძიებით ირკვევა, რომ ექსმინისტრი, რომელიც ომის წაგების საფრთხეზე ღიად საუბრობს, ზელენსკის გარემოცვამ მზარდი რეიტინგის გამო, პოლიტიკური კონკურენციის მოტივით ჩამოიშორა. ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ვრცელ საგამოძიებო სტატიაში ისიც წერია, რომ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტის გარემოცვასთან დაკავშირებული კორუფციული სქემების გამოვლენა იმ ანტიკორუფციული ორგანოების დამსახურებაა, რომელთა დამოუკიდებლობის გაუქმებასაც ზელენსკი გასულ წელს ცდილობდა, თუმცა გადაწყვეტილება მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის გამო შეცვალა.

სწორედ ამ ანტიკორუფციულმა უწყებებმა გაასაჯაროვეს ზელენსკის გარემოცვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მასშტაბური სავარაუდო კორუფციული სქემა. რეიდები უკვე ჩატარდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას, მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატებისა და მაღალჩინოსნების ოფისებში. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკანონოდ მობილიზებული 150 მილიონი გრივნა გაათეთრა და ამ თანხით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის სასამართლო გირაო დააფინანსა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა პროკურატურამ საქმის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვეს.

უკვე შედგა სასამართლო პროცესიც. უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას, 60-დღიანი პატიმრობა და დაახლოებით 447 000 აშშ დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მუდრამ განაცხადა, რომ თანხის მოსაძებნად ნაცნობებსა და მეგობრებს მიმართავს.

სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს შესაძლოა 250 მილიონ გრივნაზე მეტი, თითქმის ექვსი მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები ჰქონდეს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე ირინა მუდრასთან ერთად ფულის გათეთრების ამ საქმეზე ეჭვმიტანილები არიან მოქმედი დეპუტატი ვადიმ სტოლარი, კლიჩკოს პარტიის ყოფილი დეპუტატი მაქსიმ მიკიტასი, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო ბანკის მაღალჩინოსნები.

დღის ამბები