"ანტირუსული კამპანია დაკვეთით" - ასე ახასიათებს "ნაცმოძრაობის" მიერ რუსეთის მოქალაქეების ე.წ. უკონტროლო მიგრაციაზე გაკეთებულ განცხადებების სერიას მმართველი გუნდი. იმ ფონზე, როდესაც ნაკადების სტატისტიკა და მიგრაციის სალდო ნეგატიურია, ანუ შემომსვლელებს გამსვლელები ჭარბობენ, სააკაშვილის პარტიის მიერ წამოწყებულ ახალ იერიშს სახელისუფლებო პარტია ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებს. დღეს დეპუტატებმა საზოგადოებას 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების მიერ, რუსულ კომპანიებზე, გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, რუსებისთვის ცალმხრივად გახსნილი სავიზო რეჟიმი და საზღვარზე მათთან დასახვედრად მისული მიხეილ სააკაშვილი შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ ოპოზიციისთვის რუსოფობია აქტუალური 2022 წლიდან გახდა და არა 18 წლის წინ, როდესაც რუსული ბომბდამშენები ქართულ მიწას ბომბავდნენ.
თუ სააკაშვილი რამდენიმე წლის წინ ლარსზე რუსებს თავად ხვდებოდა და საქართველოში ეპატიჟებოდა, მისი თანაგუნდელები დარიალის ხეობაში ახლა განსხვავებული პოლიტიკური მესიჯებით ჩავიდნენ. თქვეს, რომ გამშვები პუნქტიდან რუსების უკონტროლო მიგრაცია ხდება. თუმცა, ამის ერთადერთ დასტურად საზოგადოებას, ტურისტული სეზონის პიკზე, ქართულ საზღვაო კურტებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა ურჩიეს.
"სპეკულაცია და გარე დირექტივის საფუძველზე შუღლის გაღვივების მცდელობა"- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა, სააკაშვილის გუნდის ახალ კამპანიას. კანონმდებლების თქმით, ტურისტული ნაკადებისა და ეკონომიკური პროგრესის წინააღმდეგ ამ ფორმით ბრძოლა არასახელმწიფოებრივთან ერთად ქართულ იდენტობასთანაც წინააღმდეგობაში მოდის. სახელისუფლებო გუნდისთვის ნაციონალური მოძრაობის წარსული საქმიანობა და დღევანდელი განცხადებები ორმაგი სტანდარტის პირდაპირი მტკიცებულებაა.
"ნაციონალური მოძრაობა", ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციაზე აქტიურად რამდენიმე დღეა ალაპარაკდა. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.