27 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
ბათუმის მერმა, ზურაბ პატარაძესთან, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად "ოცნების ქალაქში" არსებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „ოცნების ქალაქში" არსებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

"ოცნების ქალაქს“ მალე 300 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები პირველ სართულზე ფილის მოსაწყობად. ძირითადი სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე ინვენტარი. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის ივლისისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, ამავე ტერიტორიაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდა კონკურსი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 1500 მოსწავლეზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული, სამსართულიანი შენობის აგებას ყველა საჭირო სივრცით და ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული სივრცეებით, ბიბლიოთეკითა და სააქტო დარბაზით. ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი და შემოსაზღვრული. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და მწვანე სივრცეები.

ასევე მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი, სადაც კორპუსებში უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი. პროექტის პირველ ეტაპზე ბინა საკუთრებაში გადაეცა 582 ოჯახს. ამჟამად კი მიმდინარეობს სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სულ 1 077 ბინის მოწყობით.

"ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტებს საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და მინდია დიასამიძე, ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

დღის ამბები