ის, რაც ამერიკასთან თანხვედრაშია, აცდენილია ევროპასთან. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის" გაუქმება ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობაა. პირობა, რომელიც ბრიუსელიდან საქართველოში მოთხოვნების კიდევ 7 პუნქტთან ერთად წერილობით გამოიგზავნა. მმართველი გუნდი ქართველებისთვის ეგზისტენციალური საკითხის გადახედვას არ აპირებს - ოპოზიციას კი, მნიშვნელოვანი საკითხის გაქილიკებაში ადანაშაულებს.
ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ოპონენტების საჯარო განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილისთვის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვის მცდელობაა.
რატომ ჩაიწერა ბრიუსელის 8 პუნქტიან მოთხოვნებში "ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის" გაუქმება და რა არის საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი - ამ საკითხს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს.
უმრავლესობა ევროპის პოლიტიკური ცენტრის გზავნილს მიღმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ შანტაჟსაც ხედავს.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ბრიუსელის მიერ მოთხოვნილი კანონების გაუქმება, რეალურად არაფერს ცვლის. "გირჩში" "გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონებს" უფუნქციოს უწოდებენ და უკვირთ, რატომ მოითხოვა ევროპამ მათი გაუქმება.
უმცირესობების უფლებებზე ანტიდისკრიმინაციული კანონი ზრუნავს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წლების წინ მიიღო. 14 თვის წინ, "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის უფლებების დაცვის კანონს" უმრავლესობის მტკიცებით მაშინდელმა ოპოზიციამ და პრეზიდენტმა თავი შეგნებულად აარიდეს.
ლიბერალური ფაშიზმი - ასე აფასებენ უმრავლესობაში ერთსქესიანთა ქორწინებაზე ოპოზიციის განცხადებებს. მმართველი გუნდი ოპონენტებს ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
ბრიუსელი თბილისისგან პასუხს აგვისტოს ბოლოს ელოდება. 8 რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას აანონსებს, თუმცა ბრიუსელის პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი კვალიფიციურ უმრავლესობას ვერ მოაგროვებს.