1995 წლის 24 აგვისტო - ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - უზენაესი კანონით, საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო ხდება. 159 მომხრე, 8 წინააღმდეგი - პარლამენტარების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხელისუფლება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად იყოფა, წყარო კი ხალხი ხდება.
30 წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სწორედ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები განამტკიცა.
ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, თავისუფლების, წესრიგისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მთავარი გარანტია.
სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი მოქმედი კონსტიტუციის ავტორმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავარი კანონის სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარებაზე პირდაპირ აისახება. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს შიგნით თუ გარეთ, გარკვეული ძალები უზენაესი კანონის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობდნენ, თუმცა, მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები დაიცვა და კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება არავის მისცა.
ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტზე ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და პირველმა კანონმდებელმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებსა და წესრიგს განსაზღვრავს. მისივე თმით, სახელმწიფო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც მთავარი როლი სწორედ კონსტიტუციას ეკუთვნის.
კონსტიტუციის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი იუსტიციის მინისტრმა და კონსტიტუციონალისტებმა. მათი განცხადებით, ქვეყნის უზენაესმა კანონმა დიდი გზა გაიარა, "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად კი, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია აქვს.
საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ოფიციალურ ტექსტს ხელი მთავრობის იმ სასახლეში მოაწერეს, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.